ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, დიდი ხანია ხედავს ცვლილების საჭიროებას, თუმცა ამ ცვლილებების ცოტანი ეშინია, “რომ ეს ცვლილებები უარესი არ იყოს”. განცხადება მაღალიერარქმა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგებასთან დაკავშირებოთ TV პირველთან გააკეთა.
“თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ამაზე უკეთეს მდგომარეობაშიც ყოფილა ჩვენი ქვეყანა და ამაზე უარეს მდგომარეობაშიც. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, რაღაც განსაკუთრებული და ახალი თითქოს არაფერია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შეფასებისას, მაინც ჯობია სიმშვიდის შენარჩუნება და მაქსიმალურად საღი აზრით განსჯა.
ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ დიდი ხანია, მარტო დღეს არა, დიდი ხანია, ამ ცვლილებების ცოტათი მეშინია, რომ ეს ცვლილებები უარესი არ იყოს. ანუ თუ ცვლილებებია, პოზიტიური ცვლილებები უნდა იყოს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს მნიშვნელოვანია.
ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, არ უნდა ვიყოთ პოლიტიკოსები, იმიტომ, რომ პოლიტიკოსობა პროფესიაა და სპეციალური განათლებაა ამისთვის საჭირო. მე ეს განათლება არასდროს მიმიღია და აი, რაშიც მაქვს განათლება მიღებული, იმ სფეროში, ეს არის ღვთისმეტყველება, იმ სფეროში მე ვცდილობ მაქსიმალურად გამოვავლინო და გავუზიარო ჩვენს თანამემამულეებს, ეკლესიის წევრებს ეს ჩემი გამოცდილება” – თქვა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან.
მან ასევე ისაუბრა სუს-ის კრებსებთან დაკავშირებით. მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებით, ახლა ვერ დადგინდებდა ვინ უსმენდა სასულიერო პირებს, თუმცა საკითხი უნდა დასივას: “ვის შეეძლო ამ უკანონო ჩანაწერების აღკვეთა და არ აღკვეთა ის”.
“ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა ადამიანის. ეს არის მის პირად ცხოვრებაში ცუდი ჩარევა ძალიან. განსაკუთრებით ძალიან დიდ ბოროტებას ვხედავ ამის გამოქვეყნებაში, ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც ჩვენს დროში მომხდარა.
რაც შეეხება ამას ვინ აკეთებდა უშუალოდ, ამაზე არის პასუხი სხვაგვარი. არავინ იცის ამას ვინ აკეთებდა, ახლა ვერავინ დაადგენს, ვინ აკეთებდა ამ უკანონო ჩანაწერებს.
აქ სხვანაირად უნდა ითქვას: ვის შეეძლო ამ უკანონო ჩანაწერების აღკვეთა და ის, რომ ეს არ გამოქვეყნებულიყო. მე ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზეა და ამ სტრუქტურებზე ალბათ, ვისაც შეეძლო ამის აღკვეთა და არ აღკვეთა”. – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
10 ნოემბერს ქადაგებისას მეუფე იობმა განაცხადა: “დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის”.



