პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.
პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიის (ქეისის) შექმნას და მათთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. ასევე აშშ-ის და კანადის ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადებას.
დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოს 366 მოქალაქეს შეუქმნეს ყალბი ისტორია, თითქოს ისინი საქართველოში სხვადასხვა ნიშნით იდევნებოდნენ და მათ დაუმზადეს ყალბი დოკუმენტები.
აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. კერძოდ: ყალბი ე.წ. „ქეისის“ შედგენის სანაცვლოდ 1 000 – 1 500 აშშ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3 000 აშშ დოლარს.
გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის, თითოეული მოქალაქისგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6 000-8 000 აშშ დოლარამდე თანხას.
პროკურატურის თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდა. ისინი საქართველოს ოთხი მოქალაქის 10 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა დახმარება არ გაუწევიათ.
პროკურატურის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიების შექმნის გარდა, გამოვლინდა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზის მისაღებად ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ.
“ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა, ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე უნდა გადაეხადათ.
