მეუფე იობი თავდასხმების ობიექტი გახდა – ქალბატონმა მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ დროს განაცხადა, როდესაც „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა.
მისი თქმით, მეუფე იობის წინააღმდეგ ამაზრზენი კამპანიაა აგორებული.
„მინდა გამოვეხმაურო იმ ამაზრზენ კამპანიას, რომელიც აგორებულია ქართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ. ქალბატონმა მარიამმა [ლაშხმა], ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა. სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს. თქვენც მოგიწოდებთ ასევე, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეპისკოპოსებს, სინოდის წევრებს და თავი შეიკავეთ შეფასებებისგან. ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!“ – განაცხადა ხორგუანმა.
პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „უღირსი სპეკულაციაა“, როდესაც დეპუტატი კანონპროექტის განხილვისას, კითხვის დასმისთვის განკუთვნილ დროს საქართველოს ეკლესიაზე სასაუბროდ იყენეს.
„ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს, თქვენ რომ საქართველოს ეკლესიაზე საუბრობთ, მე მგონი, ცოტა უნდა დაფიქრდეთ ფორმატზე, სად ხართ. უნდა მიხვდეთ უბრალოდ, რა თემასთან დაკავშირებით რა თემაზე საუბრობთ. სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეკლესიის თემა უნდა შემოიტანოთ?! ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი ახლა, რა. თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, გახვალთ გარეთ და შეგიძლიათ ჟურნალისტებთან თქვათ. ცოტა თემასაც ხომ უნდა დაუკვირდეთ?! სავაჭრო სამრეწველო პალატასთან დაკავშირებით საკითხზე კითხვის დროს იყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიაზე ილაპარაკოთ? რა თემასთან დაკავშირებით რა თემა შემოგაქვთ საერთოდ?! როგორც მივხვდი კითხვა არ გაქვთ, განცხადებისთვის გდომებიათ [დროის გამოყენება]. ამას ჰქვია სპეკულაცია და თანაც უღირსი სპეკულაცია,“ – მიმართა პაპუაშვილმა ხორგუანს.
ცნობისთვის, მეუფე იობის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა: „ღმერთმა შეუნდოს“.



