„ახალი პანდემიის შიშის ფონზე, პუტინის რეჟიმი „შავი ჭირის“ აფეთქებას „მალავს“ – The Sun

დღის სიახლეები უცხოეთი

2 ოქტომბერს, ირკუტსკის ოლქში, შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში 28 წლის ქალი “შავი ჭირით” გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი საავადმყოფოს დირექტორმა დაადასტურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, 1 ოქტომბრიდან საავადმყოფოში რამდენიმე განყოფილებაში პაციენტების მიღება და გაწერა შეჩერებულია. სტაციონარული განყოფილება კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო ამბულატორიული კლინიკა ღია რჩება.

იმის შესახებ, რომ რუსეთში „შავი ჭირის“ აფეთქებაა, ბოლო დროს ბევრი საერთაშორისო მედიასაშუალება წერს, მათ შორისაა გავლენიანი Sun, რომელმაც სტატია სახელწოდებით „ახალი პანდემიის შიშის ფონზე, პუტინის რეჟიმი „შავი ჭირის“ აფეთქებას „მალავს“, გამოაქვეყნა.

The Sun წერს, რომ ირკუტსკის რეგიონში ანტიბიოტიკები უკვე ამოიწურა, რადგან შეშინებული მოსახლეობა აფთიაქებს მიაწყდა. მასშტაბიდან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტი უკვე შეადარეს ჩინეთის, კერძოდ კი ვუჰანის შემთხვევას, საიდანაც 5 წლის წინ “კოვიდის” აფეთქება დაიწყო.

გაურკვეველი რჩება, თუ როგორ დაინფიცირდა გარდაცვლილი ქალი “შავი ჭირით”. რუსულ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მან შემთხვევით გატეხა „საშიში ბაქტერიის“ შემცველი საცდელი მილი ლაბორატორიაში, დიაგნოსტიკური ტესტირებისთვის ბიოლოგიური მასალის გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით , 2010-დან 2015 წლამდე მსოფლიოში “შავი ჭირის” 3248 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 584 სიკვდილით დასრულდა. ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, დაავადება ანტიბიოტიკებით იკურნება; თუმცა, მკურნალობის გარეშე, ინფექციის ზოგიერთი ფორმა შესაძლოა, სწრაფად გახდეს ფატალური.

ცნობისათვის, რუსეთში მიმდინარე ინციდენტამდე “შავი ჭირის” უკანასკნელი შემთხვევა 2016 წელს დაფიქსირდა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *