პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.
მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის წლების მანძილზე იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებას. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მაიას ვთხოვეთ დაეკავებიან საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება ძალიან წარმატებული კულტურის მინისტრი. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“,-განაცხადა კობახიძემ.
კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია“.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
