შალვა ნათელაშვილი გარეჯის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის დანაყოფების გაყვანას ითხოვს – როგორც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წელს დავით გარეჯი “ოკუპირებული იქნა ალიევის შეიარაღებული ძალების მიერ ივანიშვილთან შეთანხმებით”.
პოლიტიკოსი აზერბაიჯანის პრემიერის ვიზიტზეც საუბრობს და ამბობს, რომ კობახიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სადემარკაციო თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ოლიგარქის მიერ გრძელდება ჩვენი მამულის გაყიდვა, გასხვისება, შემოღობვა პირადი სიმდიდრისა და ბედნიერებისთვის. გუშინ აზერბაიჯანის პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელის პრემიერ-მინისტრმა მორიგი სიცრუე დაახეთქა, რომელიც სცილდება ტყუილის დასაშვებ ზღვარსაც კი, რომ თურმე დავით გარეჯთან დაკავშირებით დემარკაციის თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დავით გარეჯი 2019 წლის 21 აპრილიდან იქნა ოკუპირებული ალიევის შეიარაღებული ძალების მიერ ივანიშვილის პირადი განკარგულებით და შეთანხმებით, დიდი მილიარდების და სატარიფო გარიგებების სანაცვლოდ. ამ ჯარებს წინ მოუძღოდა ჩვენის სასაზღვრო ნაწილები და მათ წინ ეღობებოდა მხოლოდ თქვენი მონა-მორჩილი “ლეიბორისტული პარტია”.
აი ამასაც კი ტყუის და თურმე სადემარკაციო თემაზე მოლაპარაკებები მიგვიყვანს ტაძართან. მეტი არაა ჩემი მტერი. ტაძართან მიგვიყვანს აი ამ სამარცხვინო რეჟიმის რაც შეიძლება მალე ჩამოშლა, ხელისუფლების შეცვლა და საქათველოს თავიდან აღდგენა. ხოლო რაც შეეხება დემარკაციის საკითხზე მოლაპარაკებებს, ბატონმა ალიევმა ჯერ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები სრულად გარეჯის ტერიტორიიდან და მერე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები. მანამდე, სანამ ეს არ მოხდება, მე კიდევ ერთხელ ვუცხადებ მოღალატე ივანიშვილს და შაჰ-აბასის ტრადიციათა გამგრძელებელ ილჰამ ალიევს, სანამ ჯარები არ იქნება გაყვანილი გარეჯის ტერიტორიიდან, აზერბაიჯანისთვის ამერიკიდან იარაღის მიწოდებაზე ემბარგო მოხსნილი არ იქნება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.



