ფეისბუქის “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” მოქალაქე ფუნთუშაში აღმოჩენილი უცხო სხეულის შესახებ წერს, რომელიც მისმა მცირეწლოვანმა შვილმა აღმოაჩინა.
მისივე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მწარმოებელს და სურსათის უვნებლობის სააგენტოსაც უკვე აცნობა და რეაგირებას ელოდება.
“დღეს ჩემს შვილს სკოლაში გავატანე ფუნთუშა, რომელიც მაღაზიაში შევიძინე. ჭამის პროცესში აღმოჩნდა, რომ ფუნთუშაში უცხო მეტალის საგანი — სავარაუდოდ, ბოლტი — იყო ჩამალული. საბედნიეროდ, ბავშვმა მისი გადაყლაპვა არ მოასწრო და არ დაშავებულა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო… განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვს ეხება. 
მომხდარის შესახებ მაღაზიაში მივედი და მენეჯერს ვაცნობე. მან ბოდიში მომიხადა და მადლობა გადამიხადა ინფორმაციის მიწოდებისთვის. ასევე დამპირდა, რომ გამოიკვლევენ, რომელ ცვლაში დამზადდა ფუნთუშა და როგორ აღმოჩნდა მეტალის დეტალი საკვებში. ველოდები, რომ ეს საკითხი სათანადოდ იქნება შესწავლილი და გაირკვევა, როგორ მოხდა მსგავსი რამ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკვე ვაცნობე მომხდარის შესახებ და ველოდები შესაბამის რეაგირებას.
ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ სხვა მშობლებმაც იცოდეთ და ყურადღებით იყოთ, რას ატანთ ბავშვებს სკოლაში. ეს არ არის მხოლოდ ერთი ფუნთუშის ან მისი ღირებულების საკითხი — პირველ რიგში, ბავშვების უსაფრთხოებას ეხება.
ფოტოებსაც ვურთავ, რათა ყველამ თავად ნახოთ, რაზეა საუბარი.
იმედი მაქვს, შემთხვევას სათანადო ყურადღება მიექცევა, მიზეზი დადგინდება და მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
გთხოვთ, გააზიაროთ, რომ ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ მშობლამდე მივიდეს” – წერს მოქალაქე.



