Wizz Air ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით ფრენებს აჩერებს – როდიდან გაუქმდება რეისები?

დღის სიახლეები საზოგადოება

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში დაუდასტურეს.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მგზავრებმა, რომლებმაც ბილეთები პირდაპირ wizzair.com-ზე ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეიძინეს, უკვე მიიღეს ელექტრონული შეტყობინება ხელმისაწვდომი ვარიანტების შესახებ.

„Wizz Air ადასტურებს, რომ ქუთაისი-ლიონის მიმართულებით ფრენები შეჩერდება.

ავიაკომპანია მუდმივად აკვირდება თავისი მარშრუტების შედეგებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ქსელი მაქსიმალურად პასუხობს მგზავრების მოთხოვნას და ყველაზე პოპულარულ მიმართულებებზე მომხმარებლებს ყველაზე კონკურენტულ ტარიფებს სთავაზობს.

სტანდარტული პრაქტიკის ფარგლებში, ავიაკომპანია ამ შეფასებების შედეგებზე დაყრდნობით რეგულარულად ახდენს საკუთარი მარშრუტების ქსელის ოპტიმიზაციას.

მგზავრებმა, რომლებმაც ბილეთები პირდაპირ wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეიძინეს, უკვე მიიღეს ელექტრონული შეტყობინება ხელმისაწვდომი ვარიანტების შესახებ.

მათ შორისაა ალტერნატიული სამოგზაურო გადაწყვეტები ან თანხის სრული დაბრუნება გადახდის თავდაპირველი მეთოდით ან WIZZ კრედიტის სახით“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ავიაკომპანიაში.

როგორც Wizz Air-ს განცხადებაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით ფრენები 2026 წლის 22 ოქტომბრიდან შეჩერდება.

ცნობისთვის, ქუთაისსა და ლიონს შორის Wizz Air-მა რეგულარული ავიამიმოსვლა 2025 წლის 3 ივნისიდან დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *