ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი აკადემიური წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელების საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი.
პირველკურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ KIU-ს სკოლების დეკანებს, მოესმინათ პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით.
KIU 2026-2027 აკადემიურ წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და მიზნებით შეხვდა. უნივერსიტეტმა პირველად მიიღო სტუდენტები ორ ახალ – ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ახალი და უკვე მოქმედი პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.
KIU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, აკადემიურ პროგრამებთან ერთად, ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქია. განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი სტუდენტებს სთავაზობს როგორც მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, ასევე, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურასა და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
