„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ XIII ყრილობას მართავს.
პარტიის ინფორმაციით, დღეიდან “ნაციონალური მოძრაობა” ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის. კერძოდ, დღევანდელ ყრილობაზე პარტიის დროებით მმართველ საბჭოს აირჩევენ, ხოლო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, პირდაპირი გზით, 6 თვის შემდეგ ჩატარდება. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე სიახლეც იქნება ისიც, რომ პარტიის წევრები საწევროს გადაიხდიან და პარტიას შემოწირულობის სახით დაეხმარებიან.
ამასთან, მუშაობას დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმების საბჭო, რომლის თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი – ნანუკა ჟორჟოლიანი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ბოკუჩავა არ ესწრებოდა, თუმცა ბოკუჩავა დღეს, ყრილობაზე მივიდა.
„მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას რომ მმართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი.
ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
გარდა ამისა, მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
