პატრიარქი შიო მესამე სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან და სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო მსახურება აღავლინა.
წირვის დასასრულს, პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი სახარების განმარტებისას, ცოდვის საშუალებით მიღებულ შემოსავალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ იხეირებს, პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის.
მისივე თქმით, უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს ცოდვის არსებობას და ჩადენას.
“ამბობს უფალი იესო ქრისტე დღევანდელ სახარებაში: რომ რას არგებსო ადამიანსო, თუ შეიძენს მთელ მსოფლიოს და თავის თავს დაკარგავს და ავნებს? რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? ეს კი უკვე ეხება, მათ შორის, ისეთ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ცოდვის გზით, ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის, ოჯახისთვის, თუ გნებავთ, ქვეყნისთვისაც. და რა თქმა უნდა, ასეთი ფიქრი ძალიან დიდი შეცდომაა და სულიერი ცხოვრების კანონების არ ცოდნა, იმიტომ, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, არამედ პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება იმ ადამიანისთვის, ასეთი ადამიანისთვის, ვინც ამ გზით იღებს შემოსავალს. მე ახლა აღარ ჩამოვთვლი, არსებობს ამის ბევრი გზები და საშუალებები. და მეტსაც გეტყვით, წმინდა ეკლესიის მამების სწავლებით, არა მხოლოდ ის ისჯება, ვინც აი, ამ გზით იღებს შემოსავალს, არამედ უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს აი ამ ცოდვის არსებობას და ამ ცოდვის ჩადენას. ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავიხსომოთ უფალ იესო ქრისტეს ეს სიტყვები, რომ თუ ვინმეს უნდა მე გამომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და მე შემომიდგეს”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.



