გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს აღმოაჩინეს დრონი, რომელზეც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. საქმე ეხება 5 აგვისტოს ღამით ლაიფციგის აეროპორტში ფრენების შეფერხებას, რადგან ასაფრენ ზოლთან საეჭვო საგანი აღმოაჩინეს.
გაზეთ „ბილდის“ ცნობით კი, საეჭვო ობიექტი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის, An-124-ის უშუალო სიახლოვეს ნახეს. რამდენიმე რეისი, მათ შორის ერთი სამგზავრო თვითმფრინავი, სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.
გერმანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, აღმოჩენილი ობიექტი, სავარაუდოდ, მოდიფიცირებული დრონია. პოლიციის კონფიდენციალური დოკუმენტების მიხედვით, დრონზე დამაგრებული იყო „უცნობი ნივთიერება“, რომელიც შესაძლოა, ასაფეთქებელი ყოფილიყო და შიგნით დეტონატორი ჰქონოდა.
დრონის აღმოჩენის შემდეგ ნაღმსაწინააღმდეგო სპეციალისტებმა მისი საკონტროლო აფეთქება სპეციალური რობოტის გამოყენებით განახორციელეს. პოლიცია არ გამორიცხავს დივერსიის ვერსიას. ამჟამად მიმდინარეობს უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორის ძებნა, ხოლო აეროპორტის სამხრეთის ასაფრენი ზოლი კვლავ დაკეტილია.
როგორც Süddeutsche Zeitung-ი აღნიშნავს, ეს ლაიფციგის აეროპორტში ღამით მომხდარი ერთადერთი ინციდენტი არ ყოფილა. გამოცემის ცნობით, სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც აეროპორტის დახურვის გამო ლაიფციგში ვერ დაჯდა, რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე ჰაერში სხვა ობიექტს შეეჯახა. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი სათადარიგო აეროდრომზე, ჰანოვერში დაეშვა, გამომძიებლებმა მისი ცხვირის ნაწილზე უმნიშვნელო დაზიანებები აღმოაჩინეს.
პოლიციამ ეს შემთხვევაც სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულად შეაფასა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
