ვერაზე მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.
როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.
რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.
რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
“ტვ პირველის” ინფორმაციით კი, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ნიკა კაპანაძე. ახალგაზრდა კაცი სპეცრაზმმა ბრალდებულის დედის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციით დააკავა.
“პირველების” ინფორმაციით, კაპანაძემ სამართალდამცავების შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ბოლოს კი დაზიანება მიიღო. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება დაჭრისა და მკვლელობის ფაქტს, ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, კაპანაძე ახალგაზრდების სიცილმა გააღიზიანა და მათი მისამართით მინიმუმ 10-ჯერ გაისროლა.
22 ივლისს, თბილისში, ვერაზე გახსნილ ცეცხლს 17 წლის არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შანიძის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. აქედან ერთი ქალია, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ათზე მეტი გასროლა გასულ ღამეს ახალგაზრდების სიცილს და ხმამაღლა საუბარს მოჰყვა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმაურმა იქვე მდებარე სასტუმროს მფლობელი ნიკოლოზ კაპანაძე გააღიზიანა და ახალგაზრდები ჩაცხრილა.
რაც შეეხება დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა „ჰელსიკორში“ აცხადებენ, რომ ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
