პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმის, მანანა ლობჟანიძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, თავდაპირველად კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და მისი კვლავ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, ტვინის შერყევა კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა.
ლოცულაშვილის ადვოკატის განცხადებით, მას ჰქონდა თავის ძლიერი ტკივილები და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში შემოწმების შედეგად, დააწვინეს ნევროლოგიურ განყოფილებაში.
მისივე თქმით, ლოცულაშვილს, სავარაუდოდ, კლინიკაში კვლავ დასაკვირვებლად დატოვებენ.
შეგახსენებთ, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი.
