ქუთაისში მცხოვრები ქალი პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
დაზარალებული “ინფო იმერეთთან“ საუბრისას ჰყვება, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო მამაკაცი, რომელიც მას ბიზნესმენად გაეცნო. შეხვედრებს კი სისტემატურად ესწრებოდა მისი მეგობარი – პატრულის მოქმედი თანამშრომელი. გაცნობიდან რამდენიმე კვირაში ქალს თანხა მოსთხოვეს. დაზარალებულმა აღნიშნული პირების დასახმარებლად ბანკში ძვირფასი ნივთები ჩადო, 4 000 დოლარი ანგარიშზე დაურიცხა, 2 500 დოლარი კი ხელზე იმ პირობით გადასცა, რომ 3 დღეში დაუბრუნებდნენ.
3 დღის გასვლის შემდეგ თანხა არ დაუბრუნებიათ. აღნიშნულმა პირებმა შშმ ქალს სთხოვეს, კიდევ ესესხებინა მათთვის თანხა, რომელიც თითქოს, რუსეთიდან უკვე გადმორიცხული იყო, თუმცა ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ფონის გამო დროულად ვერ ირიცხებოდა. ქალმა მათ დასახმარებლად შვილის მონაცემებით ისევ გამოიტანა სესხი და 30 000 ლარი დაამატა.
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც ქალმა თანხის დაბრუნება მოითხოვა, ვითარება დაიძაბა:
“უკვე თანხა რომ მოვითხოვე, ეს ვითომ ჩემი შეყვარებული აგრესიული გახდა. “გაჩერდი, თორემ კბილებს ჩაგილეწავო“ – მემუქრებოდა. ამის შესახებ საქმის კურსში იყო პატრულის თანამშრომელიც, თუმცა რეაგირებას არ ახდენდა. შემდეგ ორივეს ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი, რის შემდეგაც პატრულმა სიმბოლური თანხების დარიცხვა დაიწყო, რაც, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთი იყო. ეს ჩემი ვითომ შეყვარებულიც და პატრულიც გუშინ დააკავეს. ჩემი პრიორიტეტია ზარალის ანაზღაურება მოხდეს მათი მხრიდან, სხვა არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია მათ მიმართ, მთავარია ჩემი თანხა დამიბრუნდეს“, – აცხადებს დაზარალებული ქალი “ინფო იმერეთთან“, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.
დაკავებული პატრულის თანამშრომლის მამა მოქმედი ადვოკატია.
“ინფო იმერეთი” ამ ეტაპზე ასევე არ ასახელებს გურიაში მცხოვრები თაღლითობის ბრალდებით დაკავებული პირების სახელებსა და გვარებს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
