საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების საქმე გრძელდება – ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოზიციები

დღის სიახლეები სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და არა ისე, როგორც მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ქართველ ხალხთან – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოპასუხე მხარე საკმაოდ კარგად არის მომზადებული და სამართლებრივად გამართული იყო მათი შუამდგომლობები, რასაც „ვერ ვიტყვით “ქართული ოცნების” წარმომადგენლობაზე”.

„ეს პროცესი სამართლებრივი არ არის და მას არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ საკითხებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში არ არიან და წინასწარ არის ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

მოპასუხე მხარეს სამართლებრივად გამართული ჰქონდა შუამდგომლობები. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების” სტანდარტითაც კი საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართულ ოცნებას” უდაბლესი დონის წარმომადგენლობა ჰყავს. ისინი არათუ სამართლებრივად ვერ გადმოსცემენ რას ედავებიან, არამედ პროცესი ორი დღეა მიმდინარეობს და “ძლიერი საქართველო-ლელომ” და “გახარია საქართველოსთვის” საერთოდ ვერ გაიგეს, ისევე როგორც საკონსტიტუციო მოსამართლეებმა, რა მიემართებათ მათ და რა სხვა პარტიებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც “ქართული ოცნების” აქტივისტები და არა ისე, როგორც მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ქართველ ხალხთან. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ამ სასამართლო სხდომებზე”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

***

ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი [„ქართული ოცნების“] ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე – ამაზე დიდი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსი, მითხარით?- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, პარტიების აკრძალვის საკითხზე განაჩენი წინასწარ უკვე გამოტანილია და ხდება პლენუმის სრული იგნორირება.

„ჩვენ კვლავ ვნახეთ, მანიპულაციის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს ამ საქმესთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე- ამაზე დიდი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსი, მითხარით? ეს არის უზარმაზარი შეურაცხყოფა სწორედ თქვენი კომპეტენციის, უფლებამოსილების, როდესაც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ რამდენიმე დღე აქვს პარტიებს არსებობისთვის, ანუ განაჩენი გამოიტანა და თქვენი სრული იგნორირება ხდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ უპასუხა.

„ბატონო ბადრი, ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. პოლიტიკოსების განცხადებების შეფასება, რომელიც სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა… სხვადასხვა ინტერვიუებში ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს ყველა მხარე“, – განაცხადა ნადარაიამ.

ამის შემდგომ, მას ბადრი ჯაფარიძემ უთხრა, რომ ეს არის მათზე ანუ მოსამართლეებზე ზემოქმედების მცდელობა, რაზეც თავის მხრივ, სასამართლოს თავმჯდომარემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ მოსამართლეები ზემოქმედების ქვეშ არ ექცევიან.

„ვერავითარი ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერასდროს ვერავინ მოგვაქცევს. [ზემოქმედების] არავითარ მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ, ვერასდროს, ეს იცოდეთ“, – აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ამის შემდგომ, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რა არის „ლელოს“ შუამდგომლობის მოტივაცია. მისი თქმით, ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს.

„ამ შუამდგომლობის აქ, მთავარი მოტივატორი არის ის, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს – ხუთი, ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, ყოველ შემთხვევაში, „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ შექმნილი არის 2019 წლის ბოლოს. არანაირ კავშირში არ არის სხვა პოლიტიკური ორგანიზაციასთან არც დაფუძნების, არც მისი ისტორიის კუთხით. ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს, არამხოლოდ გაუქმება, არამედ მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს. ამიტომ, ევროპულ კონვენციასთან ამ მოთხოვნისთვის შესაბამისობის სტანდარტი უნდა იქნას განსაზღვრული. ჩვენი შუამდგომლობის მთავარი მოტივატორი არის ის, რომ სრულიად უპრეცედენტოა. თან არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ კონსულტაციისთვის შესაძლებელია მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ამ შემთხვევაში, სრულიად საფუძვლიანად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩვენი მთავარი მოტივატორი არის ის, რომ ამ სასამართლომ განსაზღვროს ევროპულ კონვენციასთან 5 პარტიის გაუქმების მოთხოვნის შესაბამისობის შემთხვევაში, რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

***

„ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„აბსოლუტურად სწორად თქვა ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ, რომ არ არსებობს ხუთი პარტიის ერთ პროცესში გაუქმების და მსჯელობის ასეთი მაგალითი. დიახ, ასეა, მაგრამ სამწუხაროდ, არც ის არსებობს, რომ ხუთმა პარტიამ ერთად, მჭიდროდ დაკავშირებულებმა, ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რამდენიმე პარტიის გაუქმების მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხუთი ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *