23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი ყოფილი პოლიციელის დაკავების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი – ხელბორკილები დაადეს თერჯოლისა და ტყიბულის პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც ცრუ ჩვენების მიცემას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, დაკავებულები არიან – კახა ნებიერიძე [თერჯოლის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადხგილე], ლაშა ლაბუჩიძე [ტყიბულის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე], მალხაზ აჟანდაძე [თერჯოლის პოლიციის თანამშრომელი, დეტექტივი].
პოლიციის ყოფილების დაკავების ფაქტს გარდაცვლილი თემურ ხადურის დედა “პირველებთან” გამოეხმაურა. ნინო გვიშიანი ამბობს, რომ პროტესტმა შედეგი გამოიღო.
“თემურ ხადურის საქმე არა ერთხელ იყო შეჩერებული – რაღაც უშლიდა ხელს ამ ყველაფერს და ვფიქრობ, ჰყავდათ ამ ხალხს მფარველები. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ რა? შვილგარდაცვლილ დედებს შვილებს ვინ დაგვიბრუნებს, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ სამართალი მაინც იზეიმებს და ჩემ შვილთან პირნათელი ვიქნები.
მადლობა უფალს, პირველ რიგში, ამისთვის, რომ შემაძლებინა, მადლობა ჩემ ადვოკატს, ქალბატონ ლერი ტუკვაძეს, ყოველთვის გვერდით მედგა ამ მძიმე დღეებში და საგამოძიებო გუნდს.
ეს იყო მკვლელობა, ნაცემი ჩემი შვილი შემდეგ იყო გადამალული, ჩაგდებული კალაპოტში, რომ კვალი დაფარულიყო.
რა უნდა დაგიშავოს ისეთი, მე ვამბობ კიდევ ერთხელ, როგორ ეძინათ ამდენ ხანს და როგორ უყურებდნენ მათ შვილებს თვალებში ამ მდგომარეობაში, რომ ჩააყენო ადამიანი”- განაცხადა გვიშიანმა.
23 წლის თემურ ხადურის ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს. ოჯახი პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.
ოჯახის წევრების თქმით, თემურ ხადურმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა. დადევნებიდან რამდენიმე წუთში მისი კვალი წყდება.
ოჯახი ხადურს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც მწყემსმა მისი ცხედარი მდინარეში იპოვა. ოჯახი ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნის თანახმად, მის ცხედარს დაზიანებები ჰქონდა.
თემურ ხადურის დედა, ნინო გვიშიანი ეჭვობს, რომ ბიჭს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს და „შემოაკვდათ“, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს.



