კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და „ქართული ოცნების“ დეპუტატების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს.
„ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის კრიმინალი ბანდიტების ფორმირება და არა პოლიტიკური პარტია. ამავე დროს აჩვენებს იმას, რომ მათ არავითარი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ, როდესაც ძალოსანი, რომელსაც 600 კილოგრამის აწევა შეუძლია და სხვების მიერ ხელით გაკავებულ ადამიანს თავს ესხმის და ასეთი ძალით უთავაზებს მუშტს ,ის არის კრიმინალი. მან ხაზი გადაუსვა ყველა იმ მიღწევას, რომელიც ობიექტურად გააჩნდა ამ ქვეყნის წინაშე საკუთარ პროფესიაში. ახლა ათი ოქროც რომ მოიგოს, ისეთივე არაკაცად დარჩება, როგორი არაკაციც ვიხილეთ პლენარულ სხდომათა დარბაზში იმიტომ, რომ კაცობა ოქროთი არ იზომება. კაცობა, ადამიანობა და მოქალაქეობა იზომება ქცევებით და ეს კაცი, რომელიც ვნახეთ, არის უბრალოდ პატარა, უშნო კაცი, რომელმაც სხვების მიერ გაკავებულ ადამიანს მუშტი უთავაზა და ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენა მაშინ, როდესაც აქვს თმენის ვალდებულება.
აუცილებლად უნდა დადგეს მათი [„ქართული ოცნების“ დეპუტატების] სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. პროკურატურამ ხომ იხილა ეს კადრები? ასეთ კადრებს რომ იხილავს, ის ვალდებულია, საქმე აღძრას. ჩვენ რომ ვიყოთ ნორმალური სახელმწიფო, დაახლოებით, ერთი საათის თავზე უნდა ყოფილიყო აღძრული შესაბამისი საქმე“, – განაცხადა გეგელიამ.
