ახლაც ვფიქრობ, რომ 10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი, მაგრამ ქუჩის გადაკეტვის გამო, ადამიანის სისხლის სამართლის წესით დასჯა აგრეთვე არ არის სწორი – არ არის ყველაფერი ცალსახა შავი და თეთრი , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტი კრიტიკა სწორედ იმის გამო დაიმსახურა, რომ ამბობდა, „10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი“.
„ყველაზე მეტი კრიტიკა თუ რამის გამო დავიმსახურე ამ წლების განმავლობაში, სწორედ იმიტომ რომ საჯაროდ ვამბობდი, 10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი. ეს არ იყო მოწონებული ბევრის მიერ და ითვლებოდა, რომ ხელისუფლების აზრს ვახმოვანებდი. ახლაც ვფიქრობ, რომ 10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი, მაგრამ ქუჩის მეორედ გადაკეტვის გამო, ადამიანის სისხლის სამართლის წესით დასჯა აგრეთვე არ არის სწორი. ან პირველივე ჯერზე პატიმრობის გამოყენება უალტერნატივოდ როდესაც არ არსებობს სხვა ადმინისტრაციული სახდელის ფორმა, ესეც არ არის სწორი. არ არის ყველაფერი ცალსახა შავი და თეთრი,“ – განაცხადა იოსელიანმა.
