ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას – პაპუაშვილი ფრანგი მზვერავების გაწვევაზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ფრანგული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია“ და აცხადებს, რომ მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს – ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას! 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა და ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ „არავის დაზვერვას საქართველოში არაფერი ესაქმება“.

„მხოლოდ [ფრანგული მედიის] სტატია არის. არ ვიცი რამდენად შეგვიძლია შინაარსს ვენდოთ, მაგრამ როგორც სტატიაშია ნათქვამი, თურმე ყოფილა დაზვერვის ორი აგენტი, რომელიც თავად გაიწვიეს. თუკი ეს სიმართლეა, თქვენი აზრით, უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტები რომ არიან ქვეყანაში, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ათბობს და აგენტები როცა გადიან ქვეყნიდან, ეს აციებს ურთიერთობებს? არ ვიცი. არ ვიცი, ზუსტად რა იგულისხმება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა. ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს, აქ არ არსებობს არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი, არც სამხრეთი. ყველა სხვა, ვინც არის და არ არის ამ ქვეყნის ნაწილი. არავის დაზვერვას საქართველოში არაფერი ესაქმება. მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს. ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლება“ დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ „საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *