საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საწვავის იმპორტის გეოგრაფია მნიშვნელოვნად შეცვლილია და რუსეთის ფედერაციის წილი შემცირებულია.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე სააგენტოს 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ლექვინაძემ აღნიშნა, რომ საწვავი 100%-ით იმპორტირებული პროდუქტია, რის გამოც მასზე საგარეო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
„ჩვენს ქვეყანაში საწვავი არის 100%-ით იმპორტირებული პროდუქტი და ბუნებრივია, საგარეო ფაქტორების გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია. საწვავის იმპორტის გეოგრაფია საკმაოდ დივერსიფიცირებულია. თუ ადრე ფასების და იმპორტის ღირებულების სიიაფის გამო ძირითადი მიმწოდებელი, ასე რომ ვთქვათ, რუსეთის ფედერაცია იყო, დღეს ეს ბაზარი მნიშვნელოვნად შეცვლილია გამომდინარე იქიდან, რომ საწვავის ხელმისაწვდომობა ამ ბაზარზე და იაფი საწვავის ხელმისაწვდომობა, ბუნებრივია, არ არის. ამიტომ დღეს მზარდი წილი უჭირავს ბულგარეთს და რუმინეთს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ
მან ასევე ისაუბრა ბაზრის სტრუქტურაზე, კონცენტრაციასა და მსხვილი კომპანიების წილებზე როგორც იმპორტის, ისე საცალო რეალიზაციის ნაწილში.
„კომპანიების ჭრილი რომ ავიღოთ, ჩვენ ვნახავთ, რომ 2025 წლის მონაცემებით, ჩვენ არ გვაქვს მაღალკონცენტრირებული ბაზარი, ეს ბაზრები დაბალკონცენტრირებულია, როგორც იმპორტის, ასევე საცალო რეალიზაციის ბაზარზე. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ხუთი მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 66-დან 68%-ის ფარგლებში, ეს წილი სტაბილურია ბოლო პერიოდში“.
ირაკლი ლექვინაძის ნათქვამს, რომ საწვავის იმპორტის გეოგრაფია შეიცვალა, მოწმობს ოფიციალური სტატისტიკაც. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,7%-ით (50,6 ათასი ტონით) შემცირდა და 1013,8 ათასი ტონა შეადგინა, სადაც მთავარ მომწოდებლად რუსეთი დარჩა (279,8 ათასი ტონა, 27,6%), რომელსაც რუმინეთი (154,6 ათასი ტონა, 15,2%) და ბულგარეთი (150,5 ათასი ტონა, 14,8%) მოსდევენ. უშუალოდ სექტემბერში ქვეყანაში შემოვიდა 77,1 ათასი ტონა ბენზინი (წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით / 0,2 ათასი ტონით ნაკლები, ხოლო წინა წლის სექტემბერთან შედარებით 7,5%-ით / 5,4 ათასი ტონით მეტი) და 61,4 ათასი ტონა დიზელი (წინა თვესთან შედარებით 34,6%-ით / 15,8 ათასი ტონით მეტი, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,3%-ით / 2,1 ათასი ტონით ნაკლები). მხოლოდ სექტემბრის თვის მდგომარეობით კი საწვავის უმსხვილესი მომწოდებელი ბულგარეთი გახდა (45,6 ათასი ტონა, 32,9%), რომელსაც თურქეთი (18,1 ათასი ტონა, 13,1%), აზერბაიჯანი (17,7 ათასი ტონა, 12,8%), კვიპროსი (13,9 ათასი ტონა, 10%) და საბერძნეთი (11,5 ათასი ტონა, 8,3%) მოჰყვებიან.
BM.GE



