სააკაშვილი – “ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს… ყველაზე მეტად ბათუმელების იმედი მაქვს”

დღის სიახლეები პოლიტიკა

ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს, რადგან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხი მანდ არის – თუ ესენი დარჩნენ, მე მგონი, გასაგებია, რაც მოხდება ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა არა თუ იზოლაციამდე, არამედ სრულ გაპარტახებამდე მივა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია? – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ თემები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოო განიხილავს, მისთვის გამაოგნებელია.

“ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს, რადგან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხი მანდ არის. ყველაზე კარგად ბათუმმა გაიგო, რა იყო კეთილდღეობა, თავისუფლება და განვითარება. ყველაზე მეტად ბათუმელების იმედი მაქვს. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე თუ რა ხდება საქართველოში – ეს არის კატასტროფა. მთელი სოფლები დაცლილია. საქართველოს სოფლების უმეტეს ნაწილში რძეს ვერ იყიდი, მეწველი ძროხა აღარ დარჩა. ეს ხალხი ჩამოსულია ქალაქში, ტაქსაობენ, ქირით ცხოვრობენ და ემზადება იმისთვის, რომ ვარშავაში, იტალიაში და ამერიკაში გავიდეს.

ახლა გზაში ვკითხულობდი საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც ასლანის რეზიდენციაში ზის და აშკარად, ასლანის წყალი გადაესხათ. ეს საკონსტიტუციო სასამართლო რას იხილავს, გაოგნებული ვარ. 2003 წლის ვარდების რევოლუცია უცხოეთის დავალებით, უკანონო სახელმწიფო გადატრიალებად არის გამოცხადებული. ჯერ ერთი, რა უცხოეთის დავალებით, გვეხვეწებოდა მაშინ ამერიკა, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები მიგვეღო. ვარდების რევოლუცია იყო ის მოვლენა, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნამდვილი სახელმწიფო ინსტიტუტები, ნამდვილი სახელმწიფო განვითარება და საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად აქცია. ჩვენ ვართ დიდი იდეების ქვეყანა. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს პირველი რეფორმატორები, მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა, ქვეყანა, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტი გააოცა. ამ ყველაფერს, ამ წარმატებას და განვითარებას, რომელმაც სხვათა შორის, საქართველო საკონსტიტუციო სივრცეში დააბრუნა. აჭარა, რომელზედაც დაპატრონებული იყო რუსის ჯარი და ასლან აბაშიძე. დღევანდელი ბათუმის განვითარება, არაფერი არ იქნებოდა, რომ არა ვარდების რევოლუცია.

ვარდების რევოლუცია თუ უკანონობა, მაშინა აჭარისა და ბათუმის საქართველოს ტერიტორიებად ყოფნაც უკანონობაა.

შემდეგი ბრალდება, ერგნეთის ბაზრობის გაყიდვა, რაც თურმე იყო უკანონობა და დანაშაული. ეს რომ არ გვექნა, საქართველოს ეკონომიკა არ იარსებებდა, ჩვენ ვერ გავზრდიდით პენსიებსა და ხელფასებს, ვერ შეცვლიდით დენს. ესე იგი, საქართველოს ეკონომიკის შექმნა ყოფილა დანაშაული. თურმე ერგნეთთან დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები გმირები კი არა, დანაშაულის თანამონაწილეები ყოფილან.

თურმე 2006 წელს რუსული ჯაშუშური ქსელი რომ დავასრულე და ყველას გესმით, რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა, რომ არ გვექნა, ის რაც ვქენით, საქართველოს არანაირი უსაფრთხოება არ იარსებებდა. ამ ქსელის მეთაურმა ააფეთქა მაშინ გორის პოლიციის შენობა და პოლიციელები მოკლა, ამზადებდა დივერსიას, ჩვენ ესენი დავიჭირეთ და ამით თურმე რუსეთის პროვოცირებამ მოვახდინეთ.

ბოლოს, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი, რომელიც გამოცხადებულია, როგორც ჩვენ მიერ პროვოცირებული დანაშაული. მათ უნდათ გააუქმონ ანწუხელიძის, შინდისის გმირებისა და სხვების გმირობა. ეს ჩვენი გმირული თავდაცვა ანტისახელმწიფოებრივად გამოაცხადეს, თურმე უნდა ჩავბარებოდით მტერს და ვიქნებოდით ისე, როგორც ჩეჩნეთი, უკვე მილიონჯერ გაუპატიურებულები.

მინდა გითხრათ, თუ ესენი დარჩნენ მე მგონი გასაგებია, რაც მოხდება ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა არა თუ იზოლაციამდე, არამედ სრულ გაპარტახებამდე მივა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია. სამი მთავარი სიტყვა “გაგვიბანძეს” – იმედი, მშვიდობა და ოცნება, ალბათ, ეს სიტყვები თაობებს შეზიზღდებათ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ “ის იყო მოღალატე, საქართველოს სტრუქტურის თანამშრომელი”.

“ხშირად მესმის ბათუმში, პროცესი რომ მიმდინარეობს, რომ როინ შავაძის მკვლელობა არ გამოიძიესო. იცით ვინ იყო როინ შავაძე? ის იყო მოღალატე, საქართველოს სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების განლაგებას, კოორდინატებს და დასაბომბ ადგილებს. ის რომ ნასამართლევი ყოფილიყო, 2012 წელს აუცილებლად გაუშვებდნენ, როგორც პოლიტპატიმარს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *