ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რადიკალიზმი, რომელსაც ოპოზიცია თესავს, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ.
„პირველად რომ ხდებოდეს ამ ქვეყანაში რაღაცას კიდევ ვიფიქრებდით, მაგრამ ეს ხომ მუდმივი პროცესია?! შეყრას, გაყრას და ამ შეყრა-გაყრას ვაკვირდებით რამდენი წელია. უკვე ვეღარ გაგვიგია, რა არის გულწრფელი, რა არის ნათამაშევი, რა არის გარედან დაგეგმილი, რა არის შიგნიდან სპონტანური. ზოგადად, ეს არის ბედი ყველა პოლიტიკოსის, რომელიც მიდის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი რადიკალიზმი, რომელსაც თესავენ, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ და მათივე პრობლემა ხდება. ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრალდებულმა, ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მან მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
როგორც მელია წერს, „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, რადგან იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შესტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.
პასუხად კი, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ნიკა მელიას ბევრი რამე გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან – ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც”.
