გლდანის ციხეში მყოფი გიორგი უძილაური, რომელიც ფინანსური პოლიციაში მუშაობის დროს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით საუბრობს. დაკავებულს კომუნიკაცია აქვს აკრძალული, მათ შორის ოჯახთან. მისი მონათხრობი ადვოკატმა ბექა გულედანმა რადიო თავისუფლებას გააცნო.
„გიორგიმ არ იცის, ეღირსება თუ არა თავისუფლება, რადგან მისნაირი ელემენტები, მითუმეტეს მკაცრი კონტროლის სახელმწიფო სტრუქტურებში, ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან აღიქმებიან ავთვისებიან სიმსივნედ, დეფექტურ უჯრედად არადემოკრატიულ ორგანიზმში“.
ადვოკატის აღნიშნავს, რომ გიორგი უძილაურმა, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურსაც ხელმძღვანელობდა, „იცოდა, რომ მალე მასთანაც მივიდოდნენ“ – „გიორგი იხსენებს, რომ ბოლოს უარი თქვა ეკა ბესელიას „გაშავებაზე“.
„გიორგი უძილაური აღიარებს, რომ მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ და იდეალებმა აქცია პატიმრად – პოლიტიკურ პატიმრად, რადგან მისი დაჭერა იყო პოლიტიკური სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისათვის, ვინც პროპაგანდისგან განსხვავებულად ფიქრობს“.
გიორგი უძილაური ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მას ედავებიან არა საიდუმლო მასალების გაცემას, არამედ საქართველოს ინტერესების საზიანო ინფორმაციის გადაცემას:
„ამაში შეიძლება მოიაზრებოდეს ნებისმიერი პოლიტიკური ანალიზი, აზრი, და ცნობილია, რომ გიორგი უძილაური ანალიტიკურ მასალებს ამზადებდა“, – ამბობს ადვოკატი.
უძილაურის მონაყოლის მიხედვით, ის დაკავებას უკავშირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო, პროევროპულ აქციებში მონაწილეობას:
„აღიარებს, რომ საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, ორჯერ იმყოფებოდა პროევროპული სტუდენტების საპროტესტო აქციებზე რუსთაველზე… გაფრთხილებული იყო, რომ ისმინებოდა მისი ტელეფონები, ხდებოდა ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი, ფიქსირდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანის ლოკაცია და ხორციელდებოდა სალონის მოსმენა, თავი არ შეუზღუდავს არც შეხვედრებში და არც საუბრებსა თუ მიმოწერებში“.
ადვოკატის მონათხრობის მიხედვით, უძილაური „არ ემორჩილებოდა ე.წ. „პარტიულ დისციპლინას“ და რისი გაკეთებაც არ სურდა, არ აკეთებდა“.
უძილაური 5 მაისს ფინანსური პოლიციის შენობაში დააკავეს, სადაც ის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. მანამდე ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში, უფრო ადრე კი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.
მას ბრალდება ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს – საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
