პაატა მანჯგალაძის ოჯახი პოლიტიკოსის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

დღის სიახლეები პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძის ოჯახი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ყოფილი დეპუტატის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს.

მიზეზი საპატიმროში მომხდარი ინციდენტია. მანჯგალაძის შვილის, ნინი მანჯგალაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პოლიტიკოსს საკანში გადაყვანისას უსაფრთხოების სათანადო პირობები არ შეუქმნეს. კერძოდ, დერეფანში პატიმართა გადაადგილება არ შეზღუდეს, რის შედეგადაც მანჯგალაძეს ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პატიმარი შეხვდა. ოჯახის ინფორმაციით, აღნიშნული პირი ყოფილ დეპუტატს საკნის ადგილმდებარეობით დაინტერესდა და მასთან „დალაპარაკება“ მოითხოვა.

ნინი მანჯგალაძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მიზანმიმართულ ზეწოლას უკავშირდებოდეს და პენიტენციური სამსახურისგან მამის უსაფრთხოების სრულად დაცვას მოითხოვს.

“პაატა საკანში გადაჰყავდათ და ამ დროს იკეტება ხოლმე ციხეში ყველა სხვა გასასვლელი თუ შესასვლელი. შესაბამისად, ამ დროს ერთ-ერთი ადამიანი საკანში გადაჰყავდათ თუ გადმოჰყავდათ, და ამ ადამიანმა პაატა იცნო ვინ იყო და უთხრა, რომ აი, მითხარი, რომელ საკანში ხარ, რომ მერე დავილაპარაკოთ. რამდენიმე სიტყვის გაცვლის საშუალება რადგან იყო, მე ვფიქრობ, რომ საბადრაგო სამსახურს რეაგირება დააგვიანდა, იმიტომ, რომ პატიმრები რომ ერთმანეთთან საუბარს იწყებენ, მგონია, რომ ეს უნდა აღიკვეთოს. მე არ ვიცი ეს გააზრებულად მოხდა, დაგეგმილად თუ უბრალოდ, შემთხვევით. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ვიღაც კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანი საქმის გასარჩევად არ დაიბარებს, ხომ?

საპროცესოზე უარი არის უარი ტყუილის აღიარებაზე, რომელსაც მას პროკურატურა სთხოვდა, იმიტომ, რომ პაატა არანაირი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი არ იყო, – ამბობს ნინი მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, რომ პაატა მანჯგალაძემ საპროცესო გარიგებაზე უარი განაცხადა.

ტვ პირველი

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *