საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ისინი საქართველოში გუშინ, 24 მაისს ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან. დღის განმავლობაში მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
„მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის.
აღინიშნა, რომ მისასალმებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი საქართველოსადმი, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდის კონტაქტების ინტენსივობაც.
ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელში რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს აქვთ ყველანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად აზიანებს „ოცნება” საქართველოს დემოკრატიულ მომავალს – ისინიც იმის მოლოდინში არიან, რომ “ოცნება” სერიოზულად შეხედავს გადატვირთვას, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში იქნება და არა საქართველოში, არის მორიგი გზავნილი საქართველოსთვის, რომ ვიდრე თავად “ოცნება” არ იქნება მზად სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად, იქამდე უმაღლეს დონეზე შეხვედრების და შესაბამისად, სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
დელეგაციაში მონაწილეობდა მარკო ბურიოს სპეციალური წარმომადგენელი. ამ შემადგენლობის ამოცანა იყო, რომ ფაქტობრივად ყველაფერი არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარჩოებში იქნება განხილული, რაც აქ ითქვა, არამედ კონკრეტულად იქნება ცნობილი მარკო რუბიოსთვის, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი იყო როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რას ფიქრობს ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
