თუ თქვენი სახელით სესხის აღებას ცდილობენ… – როგორ უნდა დაიცვათ თავი კიბერთაღლითობის ახალი სქემისგან

დღის სიახლეები საზოგადოება

საქართველოში საბანკო თაღლითობის ახალი სქემა მოქმედებს. საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის ინგა ქარჩავას განცხადებით, აღნიშნული სქემის მიხედვით, მომხმარებლებს თაღლითები ხშირად ბანკის უსაფრთხოების სამსახურის სახელით უკავშირდებიან და კონფიდენციალურ მონაცემებს სთხოვენ, შემდეგ კი მათ, მოტყუებით, სესხის აღების შესაძლებლობა ეძლევათ.

„ახლა არის გავრცელებული ასეთი სქემა, და სამწუხაროდ, გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს უკავშირდება თაღლითი, თითქოსდა, ბანკის სახელით – ეუბნება, რომ ბანკის წარმომადგენელია და თქვენს ანგარიშზე თქვენი სახელით ვიღაც პირი ცდილობს სესხის აღებას. აქ უკვე არ უფიქრდება ადამიანი, რა ნომრიდან უკავშირდებიან, ვინ არის, ნამდვილად ამ ბანკის წარმომადგენელი არის თუ არა. ამ დროს მომხმარებლისთვის მთავარი შფოთვის საგანი არის ის, რომ მისი სახელით ვიღაც ცდილობს სესხის აღებას. წყდება ზარი, შემდეგ უკავშირდება ისევ ეს თაღლითი და ეუბნება, რომ ახლა უკვე ბანკის უსაფრთხოების სამსახურიდან ურეკავს და გარკვეული უსაფრთხოების პროცედურები უნდა გაიაროს ამ მომხმარებელმა, რომ შეჩერდეს, ასე ვთქვათ, სესხის გაცემის პროცესი.

“მომხმარებელს, როდესაც ესმის, რომ ბანკის უსაფრთხოების სამსახური უკავშირდება, აქ უკვე ეჭვი არ შეაქვს და არც ფიქრობს, გადაამოწმოს თუ არა. შესაბამისად, იქ უკვე მარტივად, სამწუხაროდ, უზიარებს ინტერნეტბანკში შესასვლელ მონაცემებს… შედეგად სრული წვდომა აქვს სავარაუდო თაღლითს მის საბანკო ანგარიშებზე და იქ შეიძლება, სესხზე განაცხადი გააკეთოს“ – აცხადებს ინგა ქარჩავა.

კითხვაზე, თუ როგორ დავიცვათ თავი შესაძლო კიბერთაღლითობებისგან, როგორ ამოვიცნოთ სქემა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი პასუხობს: „პირველ რიგში ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არც ერთი ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებელს მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნით არ დაუკავშირდება. ბანკის წარმომადგენელი არასდროს დაგირეკავთ და არასდროს მოგთხოვთ, რომ გაუზიაროთ ინტერნეტბანკში შესასვლელი მომხმარებლის დასახელება, პაროლი.

როდესაც მსგავსი შინაარსით უკავშირდებიან მოქალაქეს, მაშინვე უნდა გათიშოს ეს ზარი და თუკი ეჭვი აქვს, რომ საბანკო ანგარიშზე გარკვეული საეჭვო ტრანზაქცია შესაძლოა იყოს, გადამოწმების მიზნით დაუკავშირდეს მომსახურე ბანკს, ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო არხით”, – განაცხადა მან.

BPN.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *