საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 26 მაისს აღნიშნავს.
სწორედ 1918 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო „დამოუკიდებლობის აქტი“. ამით დასრულდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 117-წლიანი პერიოდი (რაც 1801 წელს ანექსიით დაიწყო) და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
წელსაც წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. წვევამდელებმა ფიცი დადეს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ ადგილზე.
დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე განლაგდა სამხედრო ტექნიკაც.
თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ: დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა – დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ, შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი.
26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა – დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს, ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობისთვის და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ის ასევე განსაკუთრებით მიესალმა საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას და აღნიშნა, რომ ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს.
