5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ხვალ პროცესი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
„ხვალ გავაგრძელებთ ქალბატონი ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით. დღევანდელი სხდომა დახურულად ცხადდება. ხვალ 12:00 საათზე გაგრძელდება სხდომა“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც გვასამართლებენ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა! საქმეში არსებული ეს ერთადერთი მტკიცებულება მოსარჩელემ ცალმხრივად თავად შექმნა – სახალხო ენაზე რომ ვთქვათ: მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა – ეს არის მთელი ჩვენი პროცესი! თავად შექმნეს მტკიცებულება და ამბობენ, რაც მე ვთქვი, იმას დაეყრდენითო! – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
ბიბილაშვილმა სასამართლოს წინაშე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მომზადებულ განმარტებით ბარათში ოპოზიცია უკვე დამნაშავედ იყო გამოცხადებული და კომისიის შექმნამდე წინასწარ ჩანდა შედეგი, რაც კომისიის მუშაობის შედეგად უნდა დამდგარიყო.
მან განაცხადა ისიც, რომ არც ერთი საქმე საგამოძიებო კომისიას საგამოძიებო ორგანოში გაგზავნილი არა აქვს. ბიბილაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ დროებითი კომისიის ყველა წევრი პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გავიდა.
ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას მოიტყუა, რომ საგამოძიებო კომისიას არ გაუგზავნია საგამოძიებო სამსახურებისთვის არაფერი. ეს არის ტყუილი! – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების” სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი იხილავს.
გორდულაძის თქმით, ოპოზიციას და, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მტკიცებულება არ აქვს „ქართული ოცნების” მიერ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტების გასაბათილებლად.
„დღეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, რომ არ არსებობდა წამება და არაადამიანური მოპყრობები, არ არსებობდა ადამიანების რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არ შეუცვლია ქართველ ხალხს ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი. აი, აქამდე მივიდა ბატონი ზაზა.
მათ არანაირი მტკიცებულება რომ არ აქვთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკითხების გასაბათილებლად, ეს ორჯერ ორია. მან ორი საათის განმავლობაში ილაპარაკა ყველაფერზე და არაფერზე სარჩელთან დაკავშირებით. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური ძალა, ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ მათ არავითარი სამართლებრივი სათქმელი არ აქვთ”, – განაცხადა გორდულაძემ.



