რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომლითაც რატიფიცირებულია რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება – იუწყება რუსეთის სახელისუფლებო მედია.
შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
ხელშეკრულების მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განსახორციელებლად, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებისთვის, სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციისა და მხარეებს შორის კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად.
ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მხარეები გადადგამენ შემდგომ ნაბიჯებს საერთო ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად, მოქალაქეების კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად და გარე სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიან პროცედურაზე თანდათანობითი გადასვლის უზრუნველსაყოფად.
