სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა.
როგორც შიო III-მ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” განაცხადა, საქართველოს ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა.
რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, პატრიარქის თქმით, „მათ მუდამ ველოდებით“.
„დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა, განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენით და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული.
რა თქმა უნდა, ამ საიუბილეო დღეების საერთო სიხარულის თანაზიარნი არიან, ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. ჩვენ ერისა და ეკლესიის ძვირფასი შვილები, გვახარებს ის, რომ ისინი სამშობლოდან შორს მყოფნიც ინარჩუნებენ რწმენას ეკლესიასთან და მამულთან კავშირს, ჩვენ მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით მათ“, – განაცხადა პატრიარქმა.
საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, ჩვენი ერის განვითარების გზა და თვითმყოფადობა განსაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დედაეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ქვეყნის სულიერი საყრდენი.
„ჩვენი უდიდესი საერო და სასულიერო მოღვაწეების ძალისხმევაც ასწლეულების განმავლობაში ამ ძლიერი ფუნდამენტის განმტკიცებისკენ იყო მიმართული. განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობასა და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას საფუძვლად დაედო უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები. სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ამ მარადიულ ღირებულებებს. ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება.
„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” – ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა. მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი სწორედ ამ თემაზე იმართება და მიზნად ისახავს ამ ფასეულობებს შორის ურთიერთკავშირისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის გააზრებას. მადლობას ვუხდი სიმპოზიუმის ორგანიზატორებს, მეცნიერებს, სასულიერო პირებს და ყველა სტუმარს. მჯერა, დღევანდელი დიალოგი და სამომავლო თანამშრომლობა ღირებულ წვლილს შეიტანს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების განმტკიცების საქმეში. გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. საერთაშორისო სიმპოზიუმს ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


