სექტემბრის ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი ვირუსი: გრიპის ვირუსი და კორონავირუსი. გრიპის შემთხვევების გამოჩენა ასეთ ადრეულ პერიოდში უჩვეულოა, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.
მისი თქმით, სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობამ მოიმატა, ხოლო გრიპის შემთხვევების გამოჩენას ადრეულ პერიოდში არ შეუქმნია დამატებითი დატვირთვა სტაციონარულ და პირველადი ჯანდაცვის რგოლში.
„წამყვანი ვირუსი რინოვირუსია – გაციების გამომწვევი ვირუსი. წესისამებრ, შემდეგნაირად ხდება: სანამ გრიპის ვირუსი მოიმატებს, რინოვირუსი წამყვან პოზიციებს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 69% არის რინოვირუსი, შემდეგ მოდის კორონავირუსი, დანარჩენი ორი ვირუსი კი არის H1, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. მისი ამჟამინდელი გავრცელება მოულოდნელია. კორონავირუსიც გამოჩნდა და მისი ხვედრითი წილი 13%-ს აღწევს.
ეს არ ნიშნავს, რომ გრიპის სეზონი დაწყებულია. ერთეული შემთხვევები იქნება სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო გრიპის სეზონი და შემთხვევების მატება მოსალოდნელია ოქტომბრის ბოლოდან-ნოემბრის დასაწყისში. ყველა ეს ვირუსი იმართება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ, შესაბამისად, სტაციონარიზაციის მაჩვენებელი გაზრდილი არ არის. ძალიან ცოტაა რესპირაციული ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია, თუმცა შედარებით მოიმატა მიმართვიანობამ სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში. ეს ლოგიკურია: ამის უკან დგას არდადეგებიდან და შვებულებიდან მოსახლეობის დაბრუნება დახურულ სივრცეში. თუ რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციებს ავიღებთ, პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა დატვირთვა, სტაციონარებში მიმართვიანობა კი შემცირებულია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ამასთან, განმარტა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კი დეტალურ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო გაავრცელებს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
