ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება – ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ – მინისტრი

დღის სიახლეები საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა. ამის მიზეზი მშობლებთან მისული შეტყობინება გახდა, რომლის თანახმადაც, შენობა ავარიულია. ამასთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში საპროტესტო აქციაც გაიმართა.

როგორც ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობდა.

სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ისიც კი შემოგვთავაზეს, რომ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ალტერნატიული შენობის მოძიებაში, – ამის შესახებ თბილისის 21-ე (ყოფილი მე-6) საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა ბუნტურმა, სკოლის სამეურვეო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ განუმარტეს, რომ, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში სერიოზული დაზიანებებია აღწერილი, ბავშვების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, აუცილებელია სასწავლო პროცესის შეჩერება.

კითხვაზე, დაინგრევა თუ არა სკოლა, დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი სკოლის მშენებლობა სახელმწიფოსთვის მეტად მომგებიანი და ვადების თვალსაზრისითაც უფრო ხელსაყრელი იქნება.

მასწავლებელი ნიკა ხაჩიძე ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სკოლამ ინფორმაცია გუშინ მიიღო. მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ აღნიშნული დასკვნის ფონზე, ბავშვები სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სკოლის შენობაში, მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად.

„გუშინ საღამოს, 8 საათზე, გავიგეთ და ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. შემაშფოთებელია, რომ შენობა ავარიულია, საფრთხეს უქმნის მოსწავლეებს და სამი დღის განმავლობაში ჩვენთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ ამ შენობაში. ამაზე ვარ ყველაზე აღშფოთებული. დეტალებს ჩვენც ველოდებით,” – განაცხად ხაჩიძემ.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო – ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაწყებულია საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის პროცესი. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შესაბამისი დასკვნის მიღებისას ნებისმიერ შემთხვევაში მყისიერად ახდენს რეაგირებას.

„თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.

მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი დროებით გაგრძელდეს ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეში. სწავლა არ შეწყდება და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, უსაფრთხო სასწავლო გარემო.

მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ.

პარალელურად, დაიწყება ყველა აუცილებელი პროცედურა თბილისის №21 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შენობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და ტექნიკური შეფასებების საფუძველზე იქნება მიღებული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

აქ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო შესაბამისი დასკვნა და, როგორც კი ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემოვიდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის N 21 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ დოკუმენტი შესაბამისი პროცედურების გავლით განათლების სამინისტროს გადაეგზავნა, რის საფუძველზეც უწყებამ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თბილისის N21 საჯარო სკოლაში (ყოფილ მე-6 გერმანულ სკოლაში), სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან ოფიციალურად შეჩერდა. გადაწყვეტილების საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია.

სკოლების განდევნა მიმდინარეობს ჩვენი ქალაქებიდან და სოფლებიდან – მე-6 (ამჟამად 21-ე) სკოლა უნდა გადავარჩინოთ, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 21-ე სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ჩიხრაძე წერს, განათლების რეფორმის კუთხით პირველი ნაბიჯები 21-ე სკოლაში გადაიდგა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *