ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

დღის სიახლეები სამართალი

მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო ვასილ მხეიძეც.

მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი ხაინდრავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით დაამტკიცა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაზარალებულის, ანუ თავდაცვის სამინისტროს პოზიცია წერილობით წარადგინა, სადაც უწყების წარმომადგენელი უთითებდა, რომ წინააღმდეგი არის საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს ზიანის ანაზღაურებით.

ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი მათი მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების მიხედვით, მან ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *