ბერდია სიჭინავა – მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია

დღის სიახლეები სამართალი

მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია – ამხელა სუს-ის უფროსები, დაზვერვის უფროსები, თავდაცვის მინისტრები, თავს რომ ისულელებენ და იბრიყვებენ, თითქოს არავინ არაფერი იცოდა [ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე], ასევე, იკადრეს ბრალის შესახებ დადგენილებაში ჩაიწერა, რომ ცხინვალის რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გააგებინა ცხელი ხაზის მეშვეობით ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აგებაზე, ეს არის უკიდურესი სირცხვილი და მიამიტობა, – ამის შესახებ ყოფილი შს მინისტრის, ბრალდებულ გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატმა ისაუბრა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მაია ცქიტიშვილის ჩვენებაზე, რომელიც მან ჩორჩანას საქმეზე სასამართლოს მისცა.

“დღეს სასამართლოში დაიკითხა მაია ცქიტიშვილი, რომელიც იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი. მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია, თითქოს გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არავინ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ქალბატონმა მაიამ დაადასტურა, რომ აგვისტოს დასაწყისში, სანამ აღიმართებოდა საგუშაგო ჩორჩანაში, ქალბატონ მაიასთან კომუნიკაცია ჰქონდა გიორგი გახარიას, რომელსაც სთხოვა საგუშაგომდე მისასვლელი გზის გაყვანა იმიტომ, რომ იქ არსებული ვითარება იყო საგანგაშო, ესეც დაადასტურა. ასევე, დაადასტურა, რომ 2019 წლის იანვრიდან ადევნებდნენ თვალს, რა ხდებოდა “ბორდერიზაციის” მიმართულებით, რომ შესაბამისი ნიშნულები გამოჩნდა ჩორჩანის ტყეში. ეს ყველაფერი დაადასტურა იმ გუნდის წევრმა, სამთავრობო კაბინეტის წევრმა და ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა. ახლა, ამხელა სუს-ის უფროსები, დაზვერვის უფროსები, თავდაცვის მინისტრები, თავს რომ ისულელებენ და იბრიყვებენ, თითქოს არავინ არაფერი იცოდა და იკადრეს, ბრალის შესახებ დადგენილებაში ჩაეწერათ, რომ ცხინვალის რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გააგებინა ცხელი ხაზის მეშვეობით ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აგების შესახებ, ეს არის უკიდურესი სირცხვილი, ერთი მხრივ და მეორე, ისეთი მიამიტობა, რომელსაც ვერავინ ვერ დაიჯერებს ამ ქვეყანაში. ეს მითი ჩამოშალა ზუსტად, ქალბატონ მაია ცქიტიშვილის ჩვენებამ”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ადვოკატის თქმით, ჩორჩანას საკითხზე ის ითხოვს ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას დაკითხვას დისტანციურად. სიჭინავას თქმით, დაცვის მხარემ გამოძიების ეტაპზე დისტანციურად გამოკითხა გახარია, რაც წინა სასამართლოს მოსამართლემ დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო, “დააკმაყოფილებს, თუ არა სასამართლო შუამდგომლობას, რომ დისტანციურად დაიკითხოს გიორგი გახარია, ეს ტესტი იქნება სასამართლოსთვის”.

ბერდია სიჭინავას თქმით, ტყუილია ის, რომ თითქოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ძებნილი პირის დისტანციურად დაკითხვას. მისი განმარტებით, ბრალდებულის უფლებაა ჩვენების მიცემა და შესაბამის კანონშიც წერია, რომ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება პირის დისტანციური დაკითხვა.

“მოლოდინი მაქვს, რომ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებენ. გიორგი გახარიას მოსმენა და რეალობის გარკვევა რომ იყოს მათი მიზანი, პროკურატურა იზამდა”, – განაცხადა სიჭინავამ.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *