საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღევანდელ პროცესზე მიიღო.
სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა და არგუმენტად სასამართლო განხილვების დროს საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გასაჯაროების საფრთხე დაასახელა.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას. ადვოკატის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო განხილვა ღია იყო, მაშინ როდესაც აღნიშნული საქმეც იმავე შინაარსისაა და ეხება თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვას. ადვოკატების თქმით, ამ შემთხვევაში დაცვის მხარე ვერ ხედავს პროცესის დახურვის საფუძველს. მათივე განმარტებით, აღნიშნული საქმისა და ღარიბაშვილის საქმის მასალები მსგავსია და ისინი ღია რეჟიმშია უკვე გამოკვლეული.
განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელიც პროცესს ესწრება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომის დახურვას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, ცილისწამებაზე აგებულია და სურს, საჯარო პროცესებით საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს.
„ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას, სხდომის დახურვას. მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ბრალდების უსაფუძვლობა. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ყოფილ პრემიერს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესის დასაწყისში ყოფილმა პრემიერმა განმარტა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.



