21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფლების მოედანმა“ დააანონსეს.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მედიასთან პოზიციებს აფიქსირებენ.
სასამართლო პროცესისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელი იქნება პირდაპირი სატელევიზიო ეთერის მეშვეობით. სხდომაზე მედიის წარმომადგენელბს არ დაუშვებენ.
***
ანი წითლიძე – ნაციონალური მოძრაობა:
წარმოდგენილი სარჩელი არ არის სამართლებრივი, ეს არის პოლიტიკური სარჩელი, რომელიც დაიწერა არა „ქართული ოცნების“ ოფისში, არამედ კრემლში – ჩვენი სტრატეგია იქნება ბრძოლის გაგრძელება. არ არსებობს ძალა, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეაჩერებს ამ პროცესში. აგვკრძალავენ? – მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, სარჩელი მიმართულია არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ.
ბადრი ჯაფარიძე – “ლელო”
“ჩვენ აქ ვართ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად, ჩვენი ხალხის სუვერენული უფლებები დასაცავად და ჩვენი კონსტიტუციის დასაცავად”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
გრიგოლ ლილუაშვილი – “ლელო”
:დღეს ჩვენ ვუყურებთ ქართული კონსტიტუციური წეს-წყობილების დამხობის მცდელობას „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან – ყველა ქართველს მინდა ესმოდეს, რომ ეს აკრძალვა არ ეხება 5 პოლიტიკურ სუბიექტს, ან საერთოდ პარტიებს, ეს აკრძალვა ეხება მილიონზე მეტ ქართველს, იმიტომ რომ დღეს თქვენს არჩევანს უნდათ, უწოდონ ანტიკონსტიტუციური.”
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის რეჟიმი, რომელიც გავიდა კონსტიტუციური სფეროდან და მიიტაცა მილიონობით ქართველის ხმა.
ლევან ცუცქირიძე – “თავისუფლების მოედანი”
ვიღაცების ისტორია უკვე დაწერილია, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებმაც ეს სარჩელი დაწერეს, მაგრამ იმ მოსამართლეების, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა თუ როგორ შევლენ ისტორიაში, ჯერ არ დაწერილა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “თავისუფლების მოედანი” არ არის ასაკრძალი პარტიების სიაში, რაც ხდება, არის უსამართლობა და მის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია.
არჩილ გორდულაძე – “ქართული ოცნება” – ის ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, ვინც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს წარადგენს.
“უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი – 14 წლის მოლოდინი და დავალება დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი”.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ყველა სამართლებრივ მტკიცებულებას წარადგენს და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, „კიდევ ერთხელ გაიხსენოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი მავნებლობები და ანტიდემოკრატიული ქმედებები“.



