ხელისუფლება დაინტერესდა, ვინ აფინანსებს არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სწავლების სკოლას – “არსებობს ეჭვი, რომ პროექტი კანონების გვერდის ავლით ფინანსდება“ – შალვა პაპუაშვილი

დღის სიახლეები პოლიტიკა

რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ პროექტს აფინანსებენ იმისთვის, რომ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ – როდესაც ასეთ პოლიტიკოსს პოლიტიკურ პროექტს უფინანსებ, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაფინანსება და უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა თანხმობა, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს და რომლის ღონისძიებები ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პაპუაშვილმა დღეს თქვა ისიც, რომ წლების წინ, კერძოდ კი, 2007 წელს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ორგანიზებულ სემინარში თავადაც იღებდა მონაწილეობას, თუმცა აქვე დასძინა, რომ “19 წლის წინ სხვა მდგომარეობა და სხვა გარემოება იყო და ეს გარემოება შეცვლილია“.

პაპუაშვილმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტის დაფინანსებას მთავრობის თანხმობა სჭირდება და ამ საკითხზე ევროსაბჭოს პასუხი აქვს გასაცემი. მისი თქმით, “არსებობს ეჭვი, რომ პოლიტიკური პროექტი ქართველი ხალხის და მისი კანონების გვერდის ავლით ფინანსდება“.

“ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის მქონე პროექტი და სემინარი. სხვათა შორის, წლების წინ ასეთ სემინარებზე მეც გახლდით და რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პროექტი. რაკი ეს პოლიტიკური პროექტია, ისმის კითხვა, ვინ აფინანსებს? აფინანსებს ევროსაბჭო – არ ვიცი, მარტო თუ სხვებთან ერთად და თუ აფინანსებს, მაშინ მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონდეს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური პროექტი, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოვიდა – არის რადიკალი პოლიტიკოსი და აფინანსებენ რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროექტს იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ.

არმაზ ახვლედიანი წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო. “ნაციონალური მოძრაობა“ – ანტიკონსტიტუციური პარტია, რომელსაც გასაგებია, რა მიზნებიც აქვს და რამდენჯერ სცადა ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ხელში ჩაგდება. როდესაც ასეთ პოლიტიკოსს პოლიტიკურ პროექტს უფინანსებ, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაფინანსება და უნდა გაირკვეს ჰქონდა თუ არა თანხმობა.

სავარაუდოდ, არის ორი შესაძლო ვარიანტი – ეს არის გრანტი, რომელიც არმაზ ახვლედიანის ორგანიზაციას მიეცა, შესაბამისი თანხმობა სჭირდებოდა და თანხმობა არა აქვს, რაც არის კანონდარღვევა. მეორე – საინტერესოა, თუ ეს იქნება კანონის გვერდის ავლის მოფიქრებული სქემა იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რაც კანონდარღვევა იქნება. ევროსაბჭოს წარმომადგენლობას პასუხი აქვს გასაცემი ამ ძალიან მძიმე ბრალდებაზე. არსებობს ეჭვი, რომ პოლიტიკური პროექტის დაფინანსება ქართველი ხალხისა და მისი კანონების გვერდის ავლით ხდება.

თუ ჩემი ისტორია გაინტერესებთ, რაც ბატონმა არმაზმა ძალიან კარგად იცის, ამ პროექტის ღონისძიებაზე 2007 წელს გახლდით, როდესაც 7 ნოემბერი მოხდა. ყველას ძალიან კარგად ახსოვს, 7 ნოემბრის შემდეგ ექსპერტები, რომელიც ბატონ არმაზს ჰყავდა მოყვანილი – მათ შორის ზოგიერთი დღეს “ენჯეოში“ რომ არის და ჭკუას გვარიგებს – აი ეს ექსპერტები როგორ იცავდნენ “ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და მე იქ რას ვეუბნებოდი. მაშინაც ეს იყო იდეოლოგიური – მაშინ მშვენივრად ჩანდა, რა იყო ე.წ. ექსპერტების და მომხსენებლების პოზიციები, როცა მომხდარი იყო 7 ნოემბერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ ასეთი ცუდი იყო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის პროექტი, რატომ იღებდა მაშინ მონაწილეობას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “იქ მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ და არსებობდა შესაძლებლობა, გეთქვა ის, რისი შელამაზებაც ზოგიერთებს სურდა“.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *