მომხმარებლები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მოქმედი ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციას ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის 2 ივნისით დათარიღებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მთავრობის სარეზერვო ფონდიდან), 53 000 ლარი გამოიყო.
განკარგულების თანახმად, პლატფორმის მიზანია ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სავაჭრო ქსელებში მოქმედი ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მონაცემების ელექტრონული დამუშავება და მათი მომხმარებლებისთვის მიწოდება.
როგორც მთავრობა განმარტავს, ახალი პლატფორმის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეადარონ სხვადასხვა მაღაზიაში არსებული აქციები და მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებები ერთ სივრცეში მოიძიონ.
ცნობისთვის, ახალი პლატფორმის შექმნა კონკურენციის სააგენტომ ჯერ კიდევ მაისში დააანონსა. ეს გადაწყვეტილება უწყებამ ფასების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია „საოჯახო კალათის“ პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება.
bpn
