ევროკავშირმა კანადას ასოცირებული წევრობა შესთავაზა – ეს ევროკავშირის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო. ამის შესახებ BBC წერს.
„მსურს დავიწყო მუშაობა კანადისთვის ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრის სტატუსის მოპოვებაზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური აგარიშის წარდგენისას.
“გარდიანის” ცნობით, მის წინადადებას მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.
„ეს პარტნიორობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ ჩვენი საერთო სიძლიერისთვისაა“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირს ჯერ არ აქვს ასოცირებული სტატუსი. მაისში გერმანიამ შესთავაზა უკრაინისთვის ასეთი სტატუსის შემოღება – როგორც სრული წევრობისკენ გადადგმული ნაბიჯი – მაგრამ იდეამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. გაურკვეველია, რას შეიძლება მოიცავდეს ასეთი სტატუსი.
კანადასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ სავაჭრო ომის კიდევ ერთი რაუნდი დაიწყო.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ეძებს შესაძლებლობებს ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შესაქმნელად, მაგრამ სრულ წევრობას არ განიხილავს. ხუთშაბათს, 17 სექტემბერს, კარნი სტრასბურგში ევროპელ ოფიციალურ პირებს სიტყვით მიმართავს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
