პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სუსის ხელმძღვანელის კანდიდატურას უსმენენ. თამაზ ბორაშვილი ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. სხდომა დახურულ რეჟიმში იმართება.
ვიდრე სხდომა დაიხურებოდა, თამაზ ბორაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მისი ხელმძღვანელობის პირობებში სუსის პრიორიტეტები იქნება.
“საქართველოს სახელმწიფო ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან განიცდის. ამ მიმართულებით სუსის პრიორიტეტად დარჩება რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ.ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ინტენსიური ზეწოლა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მხრიდან. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოპს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებების მცდელობა. შესაბამისად, სუსი ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას პროპაგანდისტული კამპანიების ე.წ. რბილი ძალის ფარული ოპერაციების, ქვეყნის ინტეერსების დამაზიანებელი სხვა ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას პრევენციის მიზნით.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და დღემდე, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ლიდერია შავი ზღვის რეგიონში, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევები და რეიტინგებიც ადასტურებს. მიუხედავად ამისა, კორუფცია კვლავ მნიშნელოვან გამოწვევად რჩება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას, ეროვნულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლის სუსის პრიორიტეტულ მიმართულებით დარჩება, კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, – განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.
თავდაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ პროცესი სასესიო დარბაზში გადაინაცვლებს და დეპუტატები სუსის უფროსობის ახალ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
