იურისტები ბარამიძის საქმეში სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობენ

დღის სიახლეები სამართალი

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში სერიოზული სამართლებრივი ხარვეზებია – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეს ეხმაურება. საიას შეფასებით, პროკურატურა ცდილობს, ბარამიძის მიერ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები საბოტაჟად დააკვალიფიციროს და პოლიტიკოსის განცხადებებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შინაარსი მიანიჭოს.

“პროკურატურა ვალდებულია, რომ დაასაბუთოს კონკრეტული მტკიცებულებები, თუ სახელმწიფოს რომელ საქმიანობაში შეეშალა ხელი ანუ რომელი საქმინობა ვერ განახორციელა.

გარდა ამისა, აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მნიშნელოვანი და აუცილებელი ელემენტია განზრახვა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას. ანუ კონკრეტული განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საქართველოს დასუსტების მიზნით. ის ფაქტი, რომ კონკრეტული განცხადების შინაარსი არის მიუღებელი, ან სადავო, არ არმოადგენს ამის მტკიცებულებას.

რაც შეეხება სამშობლოს ღალატს, რომელიც ასევე ბრალში გვხვდება, აღნიშნული ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში არ ქმნის დამოუკიდებელი დანაშაულის შემადგენლობას. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ნორმას სამართლებრივზე მეტად, აქვს პოლიტიკური, თუ სოციალური მნიშვნელობა, – ამბობს საიას იურისტი ჯუბა ქათამაძე.

სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე კი ბარამიძისთვის საბოტაჟის ბრალის წაყენებას „სამართლებრივ აბსურდს“ უწოდებს. მისი განმარტებით, ისტორიულ მოვლენებზე გამოთქმული მოსაზრება, რამდენად მიუღებელიც უნდა იყოს ის, საბოტაჟის დანაშაულის ნიშნებს ვერ აკმაყოფილებს.

“32 წლის წინანდელ გამოცდილებაზე ისტორიულ გადაცემაში მოსაზრების გამოთქმა, რაც არ უნდა დაუსაბუთებელი, მიუღებელი, შეურაცხმყოფელი იყოს, არ წარმოადგენს დანაშაულს საერთოდ და მითუმეტეს – საბოტაჟს.

საბოტაჟის მუხლის შემადგენლობა არის ძალიან კონკრეტული და ეს გულისხმობს სახელმწიფო საწარმოებების, დაწესებულებების ინფრასტრუქტურის დაზიანებას, მისი საქმიანობისთვის არსებით ხელშეშლას და ისეთი სუბიექტური ელემენტის არსებობას, როგორიც არის ქვეყნის დასუსტების ელემენტი. ეს გარემობები შეუძლებელია არსებობდეს, როცა კონკრეტული აზრის და გამოთქმული მოსაზრების შეფასება ხდება. ამიტომ, ეს არის სრული სამართლებრივი აბსურდი. ეს არის მუხლი, რომელსაც “ქართული ოცნება” ძალიან ფართოდ, სამართლებრივი სიზუსტეების გარეშე იყენებს და პრინციპში, მათი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების დევნა და განადგურება”, – ამბობს სამართლიანოს ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ს ლიდერს, დაკავებულ გიორგი ბარამიძემ აღკვეთის ღონისძიებსი სახით 2 თვიანი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ტვ პირველი

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *