საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
რკინიგზის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 თანამედროვე ელექტრომატარებლის შეძენა და ექსპლუატაციაში გაშვება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
„ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.
ახალი ელექტრომატარებლების შეძენა ხელს შეუწყობს მგზავრთა მომსახურების ხარისხის, საიმედოობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდასა და ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.
ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზა, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვის საერთაშორისო პროცედურას დაიწყებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
