ძალოვნების გენერალ კორდინატორობიდან გაშვებული მდინარაძის რეგიონების კორდინატორად დანიშვნაა გამოსავალი? რა გინდათ, რას ერჩით რეგიონებს, რა დაგიშავათ ასეთი, იქნებ გაგვაგებინოთ? ამის შესახებ გიორგი გახარიას საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. ამით ის გამოეხმაურა მორიგ საკადრო ცვლილებას, რომელიც მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით განხორციელდა.
მისი თქმით, “ამ მდარე პოლიტიკური საცირკო კარუსელის მაგივრად, საქმეს მიხედეთ თუ რეგიონებზე, სოფლებზე და ხალხზე მართლა გული შეგტკივათ”.
“ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამოცანაა. ამის დასტურად კი მოქმედი რეგიონული განვითარების სამინისტრო გააუქმა და მთავრობის სტრუქტურაში შექმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში.
ყველასთვის ცხადია, რომ ოცნებას რეალურ საქმეზე მეტად პოლიტიკური ვნებები ამოძრავებს. მაგრამ პოლიტიკური შეფასებები გვერდზე, რომ გადავდოთ, ოცნებას მივმართავ – მართლა იდიოტებად თვლით ქართულ საზოგადოებას ასეთი ტყუილებით, რომ კვებავთ? თუ რეგიონების გაძლიერება პრიორიტეტია, რეგიონული განვითარების სამინისტროს მეტად გაძლიერების, დამატებითი ფუნქციების მიცემის და ფუნდამენტური ფუნქციების სწორად განსაზღვრის ნაცვლად, რაც ბევრად უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც და ქვეყნისთვისაც – ძალოვნების გენერალ კორდინატორობიდან გაშვებული მდინარაძის რეგიონების კორდინატორად დანიშვნაა გამოსავალი?
რა გინდათ რას ერჩით რეგიონებს რა დაგიშავათ ასეთი იქნებ გაგვაგებინოთ?
ჯერ იყო და ლილუაშვილის გამო გაყავით რეგიონები და ინფრასტრუქტურა ერთმანეთისგან. მერე ვის გამოც შექმენით სამინისტრო ის კაცი ციხეში დაიჭირეთ. შემდეგ რეგიონების შეფად ისეთი კადრი დანიშნეთ, თავი და ბოლო, რომ ვერ გაუგო უწყებას. ახლა კი სამინისტროს საერთოდ აუქმებთ და მთავრობაში მთავარ გენერალ კორდინატორს რეგიონების კორდინატორის აპარატით ანაცვლებთ.
რა ჯინი გჭირთ ასეთი საქართველოს რეგიონების?
ამ მდარე პოლიტიკური საცირკო კარუსელის მაგივრად, საქმეს მიხედეთ თუ რეგიონებზე, სოფლებზე და ხალხზე მართლა გული შეგტკივათ. რეგიონებში მცხოვრები ხალხი არ იმსახურებს, რომ მათი კეთილდღეობა თქვენი სათამაშო და პოლიტიკური გასართობი გახდეს” – წერს გახარიას თანაგუნდელი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
