საინიციატივო ჯგუფი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითხოვს

დღის სიახლეები პოლიტიკა

მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ ახალი საინიციატივო ჯგუფი დააფუძნეს, რომლის მიზანია, მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს.

„თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. თუმცა, ეს უფლება, არ შეიძლება, იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისათვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნების, სპორტის სფეროების წარმომადგენლებისა და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას“, – განაცხადა მსახიობმა გიორგი შანიძემ.

ამასთან, გიორგი სიხარულიძის თქმით, მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი კანონის მიღებაში დაეხმარონ.

„მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, იურისტებს, სამართალმცოდნეებს, ისტორიკოსებს და როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებს, დაგვეხმარონ, ერთად გონივრულად მივიღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს და აგვაშორებს საფრთხეებს, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი უყურებს, რომ რეალურია“, – განაცხადა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *