სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ვადამდელი გადადგომის შესახებ განაცხადა: „ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია“.
ბელგრადში პრეზიდენტისა და მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე – „სერბეთი, ერთი ოჯახი“ ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა:
ეს უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის რანგში ამდენ ადამიანს ვესაუბრები. 14 წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ყველა თანამდებობაზე. გითხრეს, რომ არასდროს დავტოვებდი ჩემს პრეზიდენტობას; ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში.
ვუჩიჩის უფლებამოსილების ვადა 2027 წლის გაზაფხულისთვის იწურება. ვადამდე გადადგომის შემთხვევაში, კანონით, არჩევნები 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. მანამდე მან განაცხადა, რომ სერბეთში საპარლამენტო არჩევნები სექტემბრის ბოლოსა და ნოემბრის შუა რიცხვებს შორის ჩატარდებოდა.
სერბეთში სტუდენტი მომიტინგეები და ოპოზიციის მხარდამჭერები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. პროტესტი სერბეთში 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო.
ვუჩიჩი ვიზით რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა.
