ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
როგორც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.
„უკვე 10 თვეა, ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება.
ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია: სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.
ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერსონალმა ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.
იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო პასუხები და მკურნალობის გეგმა, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ თურქეთის კლინიკაში, ელენეს მკურნალ ექიმებთან. თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.
ამასთან ერთად, უკვე ორი კვირაა, რაც ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, დღემდე, ამ მიმართვაზე პასუხიც არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პენიტენციური სამსახურის გულგრილ დამოკიდებულებას პატიმრების ჯანმრთელობისა და მათ წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ“,- აღნიშნა თუთბერიძემ.
