„როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტები 2 ნოემბრიდან, საქართველოდან რუსეთში გაგზავნილი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობიან. ასევე ჩაატარებენ იმ ლაბორატორიის აუდიტს, რომელიც რუსეთში გაგზავნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნაშთებს იკვლევს – ინფორმაციას რუსული მედია უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტი საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით განხორციელდება და მიზნად ისახავს საბაჟო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე ზედამხედველობის ერთიანი მიდგომების შემუშავებას.
რუსული მედიის ცნობით, ფედერალური სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის “Аргус-Фито”-ს 24 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთმა 2026 წლის დასაწყისიდან საქართველოდან 70,5 ათასი ტონა ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის იმპორტი განახორციელა. კერძოდ, ვაშლატამას შესყიდვები გაიზარდა 7,8%-ით (17,9 ათას ტონამდე), ვაშლის -17,5%-ით (15,3 ათას ტონამდე), ლურჯი მოცვის – 46,7%-ით (9,5 ათას ტონამდე), ქლიავის – 1,7-ჯერ (6,7 ათას ტონამდე), მანდარინის – 1,6-ჯერ (3,4 ათას ტონამდე), ახალი ლეღვის – 21,2%-ით (1,9 ათას ტონაზე მეტამდე), ხოლო საზამთროსი -1,6-ჯერ (1,4 ათას ტონამდე).



