ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ – სამხარაძე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში.

„ახლახანს დასრულდა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კომიტეტის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია საკითხებზე, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ასევე ეკონომიკურ პროგრესს.

ლუქსემბურგის პარლამენტარებს ჰქონდათ კითხვები სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით და ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, თუ რა როლს თამაშობს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ასევე, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლებაზე.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დიდი ინტერესი გამოიწვია იმიტომ, რომ ბევრი წევრი დაესწრო ამ შეხვედრას. ლუქსემბურგის პარლამენტი შედარებით მცირერიცხოვანია და ათზე მეტი წევრი იყო ამ შეხვედრაზე, ესეც ნათლად აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს”, – დასძინა სამხარაძემ.

მან ისაუბრა ლუქსემბურგის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ საგარეო უწყებაშიც დააფიქსირეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხზე თხოვნა.

სამხარაძის თქმით, მისი გუნდი მზად არის ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად, ასევე, კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების “ფორმალური მიზეზი იყო”. სამხარაძემ განმარტა, რომ საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.

სამხარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ლუქსმბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას.

„დღეს ასევე შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში და აქაც, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ, გამჭვირვალობის კანონს. ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის განცხადებით, შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგს ეწვევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *