სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ჯარები არ დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას, არავითარი დარეგულირება უკრაინაში კონფლიქტისა არ მოხდება. ამის შესახებ საუბარია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის წერილში ამერიკის პრეზიდენტისადმი.
ნათელაშვილის განცხადებით, ქართველ ხალხს უდიდესი იმედი აქვს, რომ ჩინეთში დაგეგმილი სამიტისას, ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის წინაშე დააყენებს საკითხს საქართველოს დეოკუპაციის გარდაუვალობაზე.
“ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს,
მის აღმატებულებას, დონალდ ტრამპს
ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეგობარი ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენდამი.
ბატონო პრეზიდენტო, საზღვრების ურღვევობაზე საერთაშორისო სამართლის იმპერატიული პრინციპების ხელყოფა პოსტკომუნისტურ სივრცეში დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ შეაიარაღა სეპარატისტული ჯგუფები საქართველოს განუყოფელ, გაეროს მიერ აღიარებულ ტერიტორიებზე, ხოლო შემდეგ თავისი შეიარაღებული ძალებით ოფიციალურად მოახდინა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთა ოკუპაცია, მოაწყო ეთნიკური ნიშნით ქართველი მოსახლეობის გენოციდი, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოაძევა საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან, გახსნა ათეულობით სრულად დაკომპლექტებული სამხედრო ბაზა.
როდესაც კრემლი დარწმუნდა, რომ აღნიშნულ აგრესიულ ქმედებებზე პასუხი არ მოეთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობისგან, დაუსჯელობით გათამამებულმა, შემდეგ დაიწყო ყირიმის ანექსია და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა.
სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ჯარები არ დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას, არავითარი დარეგულირება უკრაინაში კონფლიქტისა არ მოხდება, რადგან ეს, ერთი იმპერიული ამბიციით განპირობებული – ორი აგრესიული აქტია.
ძვირფასო პრეზიდენტო, ქართველ ხალხს უდიდესი იმედი აქვს, რომ თქვენ, ჩინეთში დაგეგმილი სამიტისას, რუსეთის პრეზიდენტის წინაშე დააყენებთ საკითხს საქართველოს დეოკუპაციის გარდაუვალობაზე, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მომავალი ეკუთვნის გლობალურ მშვიდობას, რაც სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთა განუხრელი დაცვის გარეშე არ განხორციელდება და აქ დაუშვებელი უნდა იყოს რაიმე გამონაკლისის დაკანონება.
უდიდესი პატივისცემით,
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი,
შალვა ნათელაშვილი” – ნათქვამია წერილში.



